„დოიჩე ველე“ - ბელარუსში, „ვაგნერის“ ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს
ბელარუსში, მოგილიოვის ოლქში, „ვაგნერის“ ბანაკში კარვების მესამედი უკვე დაიშალა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სატელიტური სურათების თანახმად, ბანაკის ფართობი ჯერ კიდევ პრიგოჟინის დაღუპვამდე დიდი ხნით ადრე შემცირდა.
დემონტაჟის პროცესი, გამოცემის ცნობით, პირველ აგვისტოს დაიწყო. 28 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ბანაკში 300-მდე კარვიდან დაახლოებით 35 დაიშალა. ხოლო ქალაქ ოსიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში სიტუაცია მუდმივად იცვლება.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ჯერ უცნობია, დატოვეს თუ არა დაქირავებულებმა ბანაკი.
გამოცემის ცნობით, ქალაქ ოსიპოვიჩის რაიონის სოფელ ცელიეს ბანაკიდან „ვაგნერელების“ გაყვანას სადამკვირვებლო პროექტი „ბელარუსკი გაიუნი“ არ აფიქსირებს. ამავდროულად, გასულ ღამით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინებების შემდეგ ინტერნეტში შეფერხებები დაფიქსირდა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სადამკვირვებლო პროექტ „ბელარუსკი გაიუნის“ მიერ მოპოვებული სატელიტური სურათების მიხედვით, ბელარუსის სხვა საწვრთნელი ან სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე ახალი კარვების ბანაკები არ აშენებულა.