საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კატარში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეა გაიხსნა.
დოჰაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ იბნ ჰამად ალ თანისთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.
ასამბლეის პირველ სამუშაო დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში პარლამენტების როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ხატიძე და ივლიანე წულაია, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.