დოჰაში აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
დოჰაში აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
ავღანეთში არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით, მხარეები ერთმანეთს უკვე მერვედ ხვდებიან.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მხარეებმა შესაძლოა, შეთანხმებას მიაღწიონ, დოკუმენტი კი, ავღანეთიდან უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანას უზრუნველყოფს. ამჟამად ავღანეთში 20 ათასამდე უცხოელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
როგორც ცნობილია, მეშვიდე სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მხარეებმა თითქმის ყველა სადავო საკითხში მიაღწიეს შეთანხმებას. განსახილველი დარჩა მხოლოდ რამდენიმე სადავო თემა.