დოდო გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული მხოლოდ შემსრულებელია
ეს არ არის დამკვეთი, სავარაუდოდ ის შემსრულებელია, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა მისი შვილის მკვლელობის მკვლელობის საქმეზე ზ.მ-ს დაკავების შემდეგ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ დაკავებულის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და მას შემდეგ გაიგებს, რაც შსს-ში შეხვედრას გამართავს.
ამასთან, რაც შეეხება მომხდარის მოტივს, გუგეშაშვილი აცხადებს, რომ არაფრის თქმა არ შეუძლია.
როგორც საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ის და დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელს უახლოეს მომავალში შეხვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ.
„ჯერჯერობით არ ვიცით დეტალები. შევხვდებით შსს-ს წარმომადგენელს. მათ ზარს ველოდებით. ჩვენ პერიოდულად მივდიოდით შსს-ში. 10-ზე მეტი პირი იყო, სავარაუდოდ, დაკავებული, შეიძლება რომელიმეს ემთხვევა. ვესაუბრე დოდო გუგეშაშვილს და მას არ უთქვამს, რომ ვინმეზე რაიმე მინიშნება აქვს. დოდო გუგეშაშვილს მომხდარზე არანაირი ვერსია არ ჰქონდა. ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო პირადი მტრობა, თუმცა საიდან მოდიოდა არ იცის. ალბათ ახლა გაირკვევა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.
დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.