დმიტრო კულება - უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
დმიტრო კულება - უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.

„ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. თუ ნამდვილად მოინდომებენ, მალე მარცვლეულის ექსპორტი დაიწყება“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა, შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით.

„მათ სურთ აჩვენონ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს, რომ უნდათ გადაარჩინონ ისინი საკვების ნაკლებობისგან, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რუსეთს არ აინტერესებს უკრაინის ექსპორტი, რადგან მათ იციან, რომ თუ ჩვენ გავიტანთ ექსპორტს, შემოსავალს მივიღებთ საერთაშორისო ბაზრებიდან და ეს გაგვაძლიერებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.