დმიტრო კულება - ლავროვს ​​ვუთხარი, შემიძლია, დაუყოვნებლივ დავურეკო ჩემს ოფიციალურ პირებს და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას, შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ? მას ამაზე არ უპასუხია
დმიტრო კულება - ლავროვს ​​ვუთხარი, შემიძლია, დაუყოვნებლივ დავურეკო ჩემს ოფიციალურ პირებს და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას, შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ? მას ამაზე არ უპასუხია

შევთავაზე ჩემი წინადადება, რომელსაც სერგეი ლავროვმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ისევ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებების ოთახიდან გასვლის შემდეგ ამას მაინც გააკეთებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეხვედრაზე ძალიან მარტივი წინადადება წარვადგინე. მე ვუთხარი, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სმარტფონები. ალბათ მინისტრ ლავროვს აქვს ბოლო „აიფონი“, მაგრამ ეს სხვა ამბავია. მე ვუთხარი, რომ შემიძლია, დაუყოვნებლივ დავურეკო ჩემს ოფიციალურ პირებს, ჩემს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავარსარდალს და მე 100 პროცენტით გპირდებით, რომ ისინი უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას. მე მზად ვარ, გავაკეთო ეს ახლავე, სწორედ აქ, თქვენი თანდასწრებით. შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ? შეგიძლიათ დარეკოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი თქვენს სატელეფონო წიგნაკში გაქვთ. მას ამაზე არ უპასუხია. მაგრამ, მაინც იმედი მაქვს, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ის მიჰყვება ჩვენს საუბარს, დაუკავშირდება თავის კოლეგებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებას თქმით, ის და სერგეი ლავროვი დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მიდგომით მივიდნენ.

„ამ შეხვედრებზე ჩვენ სხვადასხვანაირად მოვედით. მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გადაწყვეტილებების ძიებასა და მიღებაში ნდობით აღჭურვილია. ის, როგორც მან თქვა, მოსასმენად მოვიდა. ეს არის მიდგომებში განსხვავება. მზად ვიყავი, სასწრაფოდ დამესახა ყველა საჭირო მიზანი, რათა მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი მომეწყო. მე შევთავაზე ჩემი წინადადება, რომელსაც მინისტრმა ლავროვმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ისევ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებების ოთახიდან გასვლის შემდეგ ამას მაინც გააკეთებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

რუსეთ-უკრაინის პირველი დიპლომატების მოლაპარაკებები ანტალიაში დიპლომატიური კონფერენციის ფარგლებში, თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა და მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.