დმიტრო კულება - რუსეთმა გაზარდა დეზინფორმაციის ინტენსივობა, მათ შორის ცრუ ბრალდებები, უკრაინის წინააღმდეგ დონბასში „სამხედრო თავდასხმის“ მომზადების შესახებ
რუსეთმა გაზარდა დეზინფორმაციის ინტენსივობა, მათ შორის ცრუ ბრალდებები, უკრაინის წინააღმდეგ დონბასში „სამხედრო თავდასხმის“ მომზადების შესახებ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერით“ განაცხადა.
„ოფიციალურად, უკრაინა არ გეგმავს შეტევითი სამხედრო ოპერაციას დონბასში. ჩვენ მზად ვართ, ვიპოვოთ კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტა“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ოფიციალური კიევი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად მუშაობს „ნორმანდიული ფორმატის“ ასაღორძინებლად.
„რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს დიპლომატიურ ძალისხმევაში საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ჩაშლის ნაცვლად. ამავდროულად, უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რათა შეაჩეროს რუსეთი მისი შემდგომი აგრესიული ქმედებებისგან“, – განაცხადა კულებამ.
მანამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის საჭირო რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის თაობაზე არსებული ინფორმაცია უარყო და აქვე უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შეადარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
„უკიდურესად შემაშფოთებელია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართულად აძლიერებს კიევის ნებელობისა და დაუსჯელობის გრძნობას. მსგავსი ვითარება საქართველოში 2008 წლის მოვლენების წინა დღესაც დავინახეთ. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა „ჯაჭვი გაწყვიტა“ და სცადა გაენადგურებინა რუსი სამშვიდობოები და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა. მას ეს ძვირად დაუჯდა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს განცხადებაში.
პრესბიუროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონის ოფიციალური პირები აქტიურად აშინებენ მსოფლიო საზოგადოებას და რუსეთის მხრიდან უკრაინის საწინააღმდეგო „აგრესიისთვის“ ამზადებენ.
„შემოსული მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური არხებით თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებს აწვდის აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციას უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ტერიტორიაზე საჭირო ძალების თავმოყრის თაობაზე. არსებობს ცნობები ე.წ. ნაცრისფერ ზონაში, სადემარკაციო ხაზის გასწვრივ უკრაინის პოზიციების მცოცავი წინსვლის თაობაზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციის შესახებ რუსეთისა და ბელორუსის სასაზღვრო რაიონებში. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ხელს უწყობენ მიწოდებული შეიარაღების, მათ შორის უპილოტო თავდასხმითი სისტემების გამოყენებას სამხედრო პროვოკაციების მოსახდენად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიუროს განცხადებაში.