დიმიტრი კულება - საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და შეუძლია, ჰქონდეს ჩვენი იმედი
რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ზალკალიანთან ვისაუბრეთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას განიხილეს საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება.
ამასთან, როგორც კულება აცხადებს, საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია.
„საქართველოს და უკრაინას ბევრი თემა აქვთ განსახილველი. ჩვენ ვართ მეგობარი სახელმწიფოები. ჩვენი ხალხი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. მივესალმე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს საქართველოს ელჩი კიევში. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ასევე ვისაუბრეთ საქართველო და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებზე. ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნების ინტერესების და ეკონომიკის უკეთ დაცვა ევროკავშირთან დიალოგის გზით. ასევე განვიხილეთ სამომავლო გეგმა ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ.
ორივე ქვეყანას აქვს საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ზალკალიანთან ვისაუბრეთ, რადგან როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ იმ გზებზე, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები რუსეთისგან. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაზე. მივაწოდე ჩემს კოლეგას ინფორმაცია უკრაინაში და ჩვენს საზღვრების გასწვრივ. საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ საქართველოს და ანალოგიურად საქართველოს შეუძლია ჰქონდეს უკრაინის იმედი“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.