დმიტრო კულება -  რუმინეთში შეხვედრა დროულია, მადლობა უკრაინისა და საქართველოს მოწვევისთვის, რადგან ჩვენს რეგიონში სახიფათო მოვლენები ვითარდება
დმიტრო კულება - რუმინეთში შეხვედრა დროულია, მადლობა უკრაინისა და საქართველოს მოწვევისთვის, რადგან ჩვენს რეგიონში სახიფათო მოვლენები ვითარდება

მადლობა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობისთვის და მადლობა სამივე მინისტრს უკრაინისა და საქართველოს მოწვევისთვის. ეს არის დროული შეხვედრა, რადგან იმართება მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში სახიფათო მოვლენები ვითარდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა მიესალმება ყველა კონსტრუქციულ ნაბიჯს რუსეთისგან, რომელიც მოემსახურება სიტუაციის სისტემურ განმუხტვას და დაასრულებს რუსეთის აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ.

„ეს მოვლენები უშუალოდაა დაკავშირებული არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუმინეთისა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან. ეს არის რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაცია, რომელიც გრძელდება არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, არამედ არალეგალურად ოკუპირებულ ყირიმშიც, რაც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მართალია, გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, წვრთნები დასრულდა და ჯარი გავა დისლოკაციის ადგილებზეო, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა ორ საკითხს. პირველი – ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ რუსეთის სიტყვები ემთხვევა მათ ქმედებებს. მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა, ვნახოთ, რომ სიტყვა შესრულდება და ამ ძალებს უკრაინის საზღვრიდან გაიყვანენ. თუ ეს მოხდება, იქნება დაძაბულობის რეალური განმუხტვა. მაგრამ მინდა, რომ ყველას გახსოვდეთ რუსეთის ეს უკან დახევაც არ იქნება ესკალაციის დასასრული და არც კონფლიქტის დასრულება. აღმოსაავლეთ უკრაინა კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ყირიმიც.

უკრაინა მიესალმება რუსეთის ყველა კონსტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც მოემსახურება სიტუაციის სისტემურ განმუხტვას და დაასრულებს რუსეთის აგრესიას ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. მადლობა რუმინეთს და ევროკავშირის და ნატო-ს ყველა ქვეყანას მტკიცე, დაუყოვნებლივი მხარდაჭერის გამოცხადებისთივის. სწორედ ასეთ დროს ჩანს, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არის მეგობარი მხოლოდ ფურცელზე. რუმინეთი ნამდვილი მეგობარია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთმა სამხედრო წვრთნების შეჩერება ნაწილობრივ სწორედ საერთაშორისო რეაქციის გამო გადაწყვიტა. ზეწოლა მუშაობს, როდესაც ის დროული და სწორად მიმართულია. გავიმეორებ, რომ დღესვე უსაფრთხოების და ნატო-ს საკითხებზე ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.