დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სტანიცა ლუგანსკას დაბომბვა
დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სტანიცა ლუგანსკას დაბომბვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქში მდებარე სტანიცა ლუგანსკას რაიონის დაბომბვა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ დასახლება სტანიცა ლუგანსკას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, დაგმოს მინსკის შეთანხმების ეს უხეში დარღვევა, როდესაც სიტუაცია რეგიონში ისედაც დაძაბულია“,  – წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სტანიცა ლუგანსკა, რა დროსაც საარტილერიო ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი აღმზრდელი. გამოცემა „უკრაინფორმი“ ავრცელებს ცნობებს, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად დასახლება ტარამჩუკში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოქალაქეებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე ჭურვი ჩამოვარდა დასახლება მარინკაში, ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს. შედეგად დაიჭრა პენსიონერი ქალი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 29-ჯერ დაირღვა.