დმიტრო კულება - ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე MAP-ის გაუქმების შესახებ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.
„ინტენსიური განხილვების შედეგად, ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის გაუქმების შესახებ“, – წერს კულება „ტვიტერში“.
როგორც მინისტრი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-სკენ გზას შეამოკლებს. „ეს კარგი მომენტია იმისათვის, რომ სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ცოტა ხნით ადრე ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში ახლავე გაწევრიანებას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ყველა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ემხრობა.