დმიტრო კულება - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოლაპარაკებებზე გაკეთებულ განცხადებებში არ არის გათვალისწინებული, რომ რუსეთი მშვიდობისადმი მზაობის არანაირ დემონსტრირებას არ ახდენს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა. კულება ამბობს, რომ მოლაპარაკებების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაკეთებულ განცხადებებში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რუსეთი მშვიდობისადმი მზაობის არანაირ დემონსტრირებას არ ახდენს.
„მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ მიისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი“, – განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, უკრაინული მხარე სამშვიდობო შეთავაზებებს განიხილავს და მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
„არ იქნება ნამდვილი მშვიდობა არც უკრაინისთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ რუსეთი არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულზე“, – განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება.