დმიტრო კულება მსოფლიო საზოგადოებას დაუყოვნებელი ქმედებებისკენ მოუწოდებს და რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას აქვეყნებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო საზოგადოებას დაუყოვნებელი ქმედებებისკენ მოუწოდებს და რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას, ურრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელ ნაბიჯებს აქვეყნებს. ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მსოფლიომ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ. ევროპის და მსოფლიოს მომავალი სასწორზეა. განსახორციელებელი ქმედებების სია:
1. გამანადგურებელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ახლა, მათ შორის Swift-ი; 2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში; 3. შეიარაღება, აღჭურვილობა უკრაინისთვის; 4. ფინანსური მხარდაჭერა; 5. ჰუმანიტარული მხარდაჭერა“, – წერს დმიტრო კულება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.