დმიტრო კულება - მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, უკრაინას არ სჭირდება ეს ფრონტი, დარწმუნებული ვარ, რომ არც ევროპას სჭირდება, ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მოლდოვასთან და ევროკავშირთან ერთად დნესტრისპირეთში კონფლიქტის ესკალაციის შეკავებას ეცდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტით მყოფ დანიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა გააგრძელებს მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ითანამშრომლებს მასთან ამ მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ჩვენ მოლდოვასგან უკეთეს რეაქციას ველოდით. მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, უკრაინას არ სჭირდება ეს ფრონტი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც ევროპას სჭირდება. ამიტომ, ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას და გავაკონტროლებთ ვითარებას“, – განაცხადა კულებამ.