დმიტრო კულება - მივმართავ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობას, რომლებიც ცდილობენ სანქციების შემსუბუქებას, შეწყვიტეთ უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლით ვაჭრობა, ისტორია განგსჯით
ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი არ შეწყვეტენ უკრაინის მოქალაქეების დახოცვას და ჩვენი ქალაქების დაბომბვას, ვიდრე რუსეთი სრულად არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან და არ მოხდება სრული დეოკუპაცია, ჯერჯერობით, არ არის ნიშანი, რომ რუსეთი მზად არის ამის გასაკეთებლად, ომის გასაჩერებლად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უნდა გაძლიერდეს.
„რუსეთმა წარმატებით დახურა ევროპის ფანჯარა, რომელიც მისმა წინამორბედმა, პეტრე პირველმა 300 წლის წინ გააღო. ეს არის გარდამტეხი ეტაპი რუსეთის ისტორიაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს სიღარიბესა და იზოლაციაში ჩააგდებს. იგივე შედეგები ელის ბელარუსსაც, როგორც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის თანამზრახველს, თუ გააგრძელებს თავის ტერიტორიის გადაცემას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განსახორციელებლად. მსოფლიოს მთავრობებმა უკვე დაუწესეს უდიდესი საფასური რუსეთის ეკონომიკას, ელიტას და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. სანქციებმა დაარტყა მის უდიდეს ბანკებს, მის თავდაცვის ინდუსტრიას, უდიდეს ენერგო კომპანიებს, ყველა პუტინის ახლობელს. მინდა გავაფრთხილო ყველა მთავრობა, რომ აღნიშნული სანქციების დაწესების შემდეგ ისინი შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ დასვენება შეუძლიათ, მაგრამ სანქციები და მოქმედებები უნდა გაძლიერდეს. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი არ შეწყვეტენ უკრაინის მოქალაქეების დახოცვას და ჩვენი ქალაქების დაბომბვას. ვიდრე რუსეთი სრულად არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან და არ მოხდება სრული დეოკუპაცია. ეს არის ანტიპუტინისტური კოალიციის ამოცანა. ჯერჯერობით, არ არის ნიშანი, რომ რუსეთი მზად არის ამის გასაკეთებლად, ომის გასაჩერებლად. ამიტომ, მოგიწოდებთ მეტად დაარტყათ რუსეთს, უფრო ძლიერად დაარტყათ, დაარტყათ რუსეთს ახლა. არათუ დღეების, არამედ საათების საქმეა, რომ მიიღოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩენ ამას ფრონტის ხაზზე ვაკეთებთ და ვწირავთ ჩვენ სიცოცხლეს. ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, დაგვიჭირეთ მხარი“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, დმიტრო კულებამ მიმართა იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების პაკეტის შემსუბუქებას ცდილობენ.
„მინდა, ასევე რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობას, რომლებიც ახლა ცდილობენ სანქციების პაკეტის შემსუბუქებას, მათ შორის „სვიფტიდან“ რუსეთის ამოღებაზე წინააღმდეგობას. ახლა არ ვიქნები დიპლომატიური. ზოგიერთ ქვეყანა ცდილობს, დატოვოს ხვრელები არაერთი ბანკის გამორიცხვით, რომ შეძლონ ზოგიერთი ზომის გატარება მარცხენა ხელით და რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელება მარჯვენა ხელით. შეწყვიტეთ ეს ახლა. შეწყვიტეთ უკრაინელი მამაკაცების, ქალების და ბავშვების სისხლით ვაჭრობა. ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. ისტორია განგსჯით და თქვენი სახელები ისტორიაში შევა, როგორც კაცობრიობის მოღალატეების სახელები, რომლებმაც ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ევროპაში აგრესორს გადამწყვეტ დროს“, – განაცხადა კულებამ.