დმიტრო კულება - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას
დმიტრო კულება - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას

საქართველო ალბათ სხვებზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უცხოეთის მედიის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

„საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე – ნება და უნარი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. რეზოლუცია 74 მომხრე ხმით მიიღეს, წინააღმდეგ არავინ წასულა. რეზოლუციას ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა და პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „ლელოს“, პარტია „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი.