დმიტრო კულება - მაშინ, როდესაც ორბანი ჩადის კიევში, მოსკოვში, ჩინეთში, პუტინი ურტყამს ბავშვთა საავადმყოფოს და მას რთულ მდგომარეობაში აყენებს
უკრაინაზე, კერძოდ, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმით პუტინმა ორბანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ორბანი ჩადის კიევში, შემდეგ მოსკოვსა და ჩინეთში, და აღვნიშნავ, რომ ეს არ იყო შეთანხმებული უკრაინასთან და ამას „სამშვიდობო მისიას“ უწოდებს, საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე, პუტინი ურტყამს ბავშვთა საავადმყოფოს. უკრაინის ქალაქებში მასობრივად კლავენ ათეულობით ადამიანს. პუტინი ორბანს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ასეთ ფონზე უკიდურესად რთული ხდება ნარატივის პროპაგანდა, რომ პუტინი მზად არის რაიმეს მოგვარებისთვის“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს გადასცა თავისი პოზიცია „მშვიდობის“ თაობაზე, რომელიც შეიცავს ორ სავალდებულო ელემენტს: პირველი, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ შეთანხმება არ არსებობს; და მეორე, ომის დამთავრების საფუძველი არის „მშვიდობის ფორმულა“.
„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ სხვა ყველაფერზე, მაგრამ ეს ორი პრინციპი აბსოლუტურად ხელშეუხებელია“, – აღნიშნა კულებამ.