დმიტრო კულება - ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერს შორის დიალოგის საფუძველზე, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ „მშვიდობის ფორმულას“
დმიტრო კულება - ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერს შორის დიალოგის საფუძველზე, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ „მშვიდობის ფორმულას“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ნიუ დელიში ინდოეთთან კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინის საკითხების განსახილველად ჩავიდა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაძლიერებთ კავშირებს. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მშვიდობის ფორმულას“, – წერს დმიტრო კულება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას სატელეფონო საუბარი გამართა ზელენსკისთან, ასევე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

როგორც მედია წერს, უკრაინა იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში გაიმართება მსოფლიო ლიდერების სამიტი რუსეთის მონაწილეობის გარეშე, რათა განავითარონ „მშვიდობის ფორმულის“ გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნას.