დმიტრო კულება - იარაღი და სანქციები არის ის, რისი გაკეთებაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქცია დააწესოს.
მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნებს, ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, უკრაინას იარაღით დაეხმარონ და ასევე, ქვეყანა ყველა საჭირო საბრძოლო, შემტევი თვითმფრინავით უზრუნველყონ.
„რა უნდა ქნას საერთაშორისო თანამეგობრობამ და ნატო-მ და რას არ აკეთებენ, რათა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს რუსული აგრესიის წინააღმდეგ? – იარაღი და სანქციები. ეს არის, რისი გაკეთებაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია – იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ საკუთარი საჰაერო ძალები, ამიტომ საუკეთესო, რისი გაკეთებაც ნატო-ს ქვეყნებს, ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, არის, რომ უკრაინა უზრუნველყონ ყველა საჭირო საბრძოლო და შემტევი თვითმფრინავით, რაც საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ სამხედრო სიტუაცია ცაში. ეს იქნება საუკეთესო, ეს არის საჭირო მხარდაჭერა. მსხვერპლის უმეტესობა, რასაც ჩვენ ვიღებთ, ჩვენი ქალაქების ციდან დაბომბვის შედეგია.
მეორე – ჩვენ ვიყენებთ ძალიან ბევრ იარაღს, რომელიც საბჭოთა პერიოდიდანაა, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ყველა ქვეყანა, რომელიც საბჭოთა ეპოქაში აწარმოებდა იარაღს თავის საწყობებში, მოგვაწვდის მას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები.
როცა საქმე ეხება სანქციებს, რუსეთი და რუსული ბანკები SWIFT-იდან სრულად უნდა გაითიშოს. შეჩერდეს რუსული ტვირთების გადამუშავება პორტებში. დაწესდეს სრული აკრძალვა რუსეთიდან ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. არის კიდევ რამდენიმე რამ, რაც შეიძლება, გაკეთდეს, განსაკუთრებით რუსეთის ფინანსურ სისტემაზე შეზღუდვების დაწესება.
ბოლო, მნიშვნელოვანი ელემენტი – ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები იმუშავებენ მესამე ქვეყნებთან, რომლებიც შეიძლება გახდნენ რუსული ფულისთვის „უსაფრთხო სამოთხე“ სანქციების გვერდის ავლით. ეს ხვრელები უნდა დაიხუროს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.