დმიტრო კულება - ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან
დმიტრო კულება - ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა თვალს ვადევნებთ აბსურდულ ვითარებას. ევროკავშირი ერთი ხელით მხარს უჭერს უკრაინას, აძლევს მას ფინანსურ დახმარებას, სანქციებს უწესებს რუსეთს, ახდენს რესურსის მობილიზებას უკრაინისთვის იარაღის გადასაცემად და ამასთან ერთად აგრძელებს რუსეთისთვის ფულის გადახდას გაზისა და ნავთობისთვის, რითაც რუსეთის ომის მანქანას კვებავს. ვიდრე რუსეთი იღებს ევროკავშირისგან მილიარდობით ევროს გაზისა და ნავთობისთვის, ჩვენ ამ მანქანის დამტვრევას ვერ შევძლებთ“, – ამბობს დმიტრო კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ მსჯელობის დაწყებას, თუმცა თქვა, რომ კიევი არ არი კმაყოფილი, რომ ნავთობზე ემბარგო 6-8 თვით გაჭიანურდა.

„თუ რომელიმე ქვეყანა ევროპაში გააგრძელებს ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგ გამოსვლას, მაშინ ჩვენ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების თანამონაწილე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. რა არგუმენტიც არ უნდა წარმოადგინონ ამ ქვეყნებმა, თუ ისინი უარს ამბობენ ნავთობის ემბარგოს მხარდაჭერაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი რუსეთის მხარეზე თამაშობენ და შესაბამისად, იზიარებენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.