დმიტრო კულება - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიევში არის ლონდონის შემართების და ლიდერობის დემონსტრირებაა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიევში არის ლონდონის შემართების და ლიდერობის დემონსტრირებაა, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინის დედაქალაქში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კულებას თქმით, უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მნიშვნელოვანია როგორც ევროპის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.
თავის გამოსვლაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინსტრმა ისაუბრა დღეს სტანიცა ლუგანსკასა და კიდევ რამდენიმე დასახლების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ. მისი თქმით, ეს წარმოადგენდა მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევას.
„ეს ჭურვები გამოუშვეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. ახლა რუსული პროპაგანდა ცდილობს, შენიღბოს რეალობა და უკრაინა დაადანაშაულოს ცეცხლის გახსნაში. მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა კულებამ.
კულებამ ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც კიევმა მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მან ყურადღება გაამახვილა, რომ ლონდონმა უკრაინას შეიარაღება გადასცა.
„უკრაინის და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. უკრაინას დიდი ბრიტანეთის სახით ერთგული მეგობარი ჰყავს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებამ ასევე განაცხადა, რომ კიევი და ლონდონი მუდმივ კონტაქტზე არიან და კოორდინირებულად ატარებენ რუსეთის შეკავების პოლიტიკას.
„რაც არ უნდა რთული იყოს უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ ამ თანამშრომლობამ შედეგი უკვე გამოიღო. რადგან ყველა თარიღი, როდესაც ნავარაუდევი იყო რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყება, ამ დრომდე არ გამართლდა. ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიას შედეგი მოაქვს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რა მოხდება ხვალ, მაგრამ დღეს ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ მშვიდობა იყოს დაცული და რუსეთმა მოახდინოს დეესკალაცია და კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს“, – თქვა კულებამ.