ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ისა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც „ბიბისი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, სატელეფონო საუბრისას ვან იმ განუცხადა კულებას, რომ ის „ღრმად წუხს“ კონფლიქტის გამო და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს. ჩინელმა დიპლომატმა ასევე ორივე მხარეს მოუწოდა, იპოვონ გზა საკითხის მოლაპარაკებების გზით დასარეგულირებლად.
ეს რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სატელეფონო საუბარია.
როგორც „როიტერი“ წერს, კოლეგასთან საუბრისას დმიტრო კულებამ მოუწოდა პეკინს, გამოიყენოს თავისი კავშირები მოსკოვთან ინტერვენციის შესაჩერებლად. ამასთან, ვან ი დაპირდა კულებას, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავს ძალადობის დიპლომატიურად დასასრულებლად.