დმიტრო კულება - აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით
აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი შეიქმნა და ავდეევკაში მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„ხალხმა უნდა გაიგოს ერთი მარტივი რამ. კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის შემდეგ დრო სჭირდება მასალების ფრონტზე გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები თმობენ სიცოცხლეს, ცხოვრობენ ფრონტის ხაზზე, იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა კულებამ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მიზეზი, რის გამოც უკრაინელი სამხედროები იძულებულნი არიან „თავი გასწირონ და მოკვდნენ“, არის ის, რომ „ვიღაც ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ განიხილავს“.
„მე პატივს ვცემ აშშ-ის საშინაო პოლიტიკას და არ ჩავერევი მასში, მაგრამ მინდა, ყველას გვახსოვდეს, რომ ერთ ადგილას ყოველი დებატების დღე, ნიშნავს სიკვდილს მეორე ადგილას“, – აღნიშნა კულებამ.