დმიტრო კულება - არ მესმის, რას ნიშნავს „უკრაინა ცეცხლს ეთამაშება“, პუტინი მოვიდა ჩვენთან, რომ გაგვანადგუროს, უკრაინისთვის მორალის კითხვა არ არის საჭირო
დმიტრო კულება - არ მესმის, რას ნიშნავს „უკრაინა ცეცხლს ეთამაშება“, პუტინი მოვიდა ჩვენთან, რომ გაგვანადგუროს, უკრაინისთვის მორალის კითხვა არ არის საჭირო

დმიტრო კულებას თქმით, კიევისთვის მიუღებელია კრიტიკა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით დასავლეთისგან ისმის. მისი თქმით, უკრაინისთვის მორალის კითხვა არ არის საჭირო. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან, კულებამ უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე, განახორციელა თუ არა უკრაინამ რუსულ სამხედრო ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშები. საქმე ეხება გასულ კვირას ენგელსისა და რიაზანის აეროდრომებზე თავდასხმას.

„მე არ მესმის, რას ნიშნავს ფრაზა: „უკრაინა ცეცხლს ეთამაშება“. პუტინი მოვიდა ჩვენთან, რომ გაგვანადგუროს, როგორც სახელმწიფო, როგორ ერი. თუ თქვენთან ბინაში მოვა მკვლელი და თქვენ მოკვლას ეცდება და მეზობელი ქალი იტყვის: „ცეცხლს ნუ ეთამაშები, ნუ პროვოცირებ“, მაშინ ალბათ თქვენ იტყოდით, რომ ეს მეზობელი ჭკუაზე ვერ არის“, – განაცხადა კულებამ.