დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების გაზრდა წარმოადგენს რუსეთის საერთო სტრატეგიას ევროპის დესტაბილიზაციისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების გაზრდა წარმოადგენს რუსეთის საერთო სტრატეგიას ევროპის დესტაბილიზაციისთვის.
აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების ზრდა არ უნდა იქნას აღქმული რუსეთის ცალკეულ აგრესიულ ქმედებად და უნდა იყოს განხილული ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის საერთო სტრატეგიაში, რომელიც ასევე მოიცავს პოლონეთის და ლიეტუვის საზღვართან ხელოვნურად შექმნილ მიგრაციულ კრიზისს, ევროპის წინააღმდეგ ბუნებრივი აირის იარაღად გამოყენებას და კონკრეტულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოების დათესვის მიზნით.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისთვის საუკეთესო გზავნილი არის მოქმედება და თუ ევროპა ახალი შემაკავებელი ზომების მომზადებას დაიწყებს, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ აგრესიულ ქმედებებებზე გადასვლის შემთხვევაში, ევროპა საპასუხო რეაქციისთვის მზად არის.