დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის სურვილის კომენტირებისას განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკების საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველზეა.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტ მაკრონს უფლება აქვს, გადაწყვიტოს, ვისთან ისაუბროს. თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პუტინთან დისკუსიისთვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია. ყოველთვის შეგიძლიათ დაურეკოთ პუტინს ტელეფონზე, მაგრამ ეს არ მოიტანს შედეგს. აზრი არ აქვს, რადგან ის მატყუარაა და ვფიქრობ, რომ ემანუელ მაკრონმა ეს იცის. მახსოვს ის არაჩვეულებრივი ძალისხმევა, რომელიც მან ომის წინ გასწია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. იმუშავა? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა მას შემდეგ გადაიფიქრა ან მზად არის მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა კულებამ.
ამავდროულად, დმიტრო კულება დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ შესაფერის დროს უკრაინას შეუძლია, მოლაპარაკებების გზით მშვიდობა დაამყაროს რუსეთთან.
„ნებისმიერი ომი სრულდება დიპლომატიით. ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, რა პირობებით მივუდგებით ამ მომენტს. გამარჯვებულის თუ დამარცხებულის სახით? სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვსურს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან გამარჯვებულის მდგომარეობით დავსხდეთ. ეს კი ბრძოლის ველზე წყდება“, – განაცხადა კულებამ.