დმიტრო კულება აცხადებს, რომ ნატო-ში არ არსებობს საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ში არ აქვთ საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღონ. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველა, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია, ვურჩევ შეხედონ ფინეთის მაგალითს. ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ როდესაც არსებობდა პოლიტიკური ნება, ფინეთი ნატო-ში მიიღეს. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გაქვს პოლიტიკური ნება, მაგრამ ახლა მინდა, ვთქვა, როგორც ფაქტი, რომ პოლიტიკური ნება ალიანსში საკმარისად არ არის“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში შესვლა არ შეაჩერებს ომს, მაგრამ ამას შეუძლია, მოახდინოს ევროატლანტიკურ რეგიონში სამომავლოდ ომების პრევენცია.
„ვიდრე უკრაინა იქნება ნატო-ს გარეთ და ამავე დროს იქნება ალიანსის ახლო მეგობარი, ყველაზე პატივსაცემი მოკავშირე, სპეციალური პარტნიორი ან ისარგებლებს თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა სუროგატული ფორმით, იარსებებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საფრთხე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.