დმიტრო კულება მიუღებელს უწოდებს ომის დასრულების ისეთ გზებს, რომლებიც რუსეთის წინაშე უკრაინის დათმობებს ითვალისწინებს
დმიტრო კულება მიუღებელს უწოდებს ომის დასრულების ისეთ გზებს, რომლებიც რუსეთის წინაშე უკრაინის დათმობებს ითვალისწინებს

მიუღებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ისეთ გზები, რომლებიც რუსეთის წინაშე უკრაინის მხრიდან დათმობებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა სახის კომპრომისებს განიხილავს უკრაინა, ვინაიდან მოლაპარაკებებში ორივე მხარე რამე დათმობებზე უნდა წავიდეს. ამასთან, ჟურნალისტმა მედიაში გავრცელებული 2022 წლის მარტის შეთანხმების სავარაუდო პროექტიც გაიხსენა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ მათ აიძულეს ყველას, დისკუსიის ფოკუსირება მოეხდინათ იმაზე, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა, კომპრომისებზე, რომლებზეც უკრაინა უნდა წავიდეს. ასე უკვე იყო 2014 და 2022 წლებს შორის – ყველა საუბარი მიდიოდა იმაზე, რას გააკეთებს უკრაინა, რომ რუსეთმა თავი დაანებოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავადგინეთ ფაქტი – რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული, მივდივართ უცნაურ დასკვნამდე, უკრაინამ უნდა დათმოს რამე, რათა რუსეთს დაეხმაროს დანაშაულის გამოსწორებაში თუ როგორ? ეს უბრალოდ სიგიჟეა, რომ ჩვენთან მიდის ასეთი საუბრები. რატომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რა უნდა დათმოს რუსეთმა, რომ შეწყვიტოს ომი?“ – განაცხადა კულებამ.

კულებამ, ე.წ. „სტამბულის შეთანხმებებს“, რომლებიც, მისი თქმით, არასდროს ყოფილა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველაზე საყვარელი ისტორია უწოდა. მინისტრის თქმით, უნდა დაისვას კითხვა, რატომ საუბრობენ მუდმივად იმაზე, რა უნდა დათმოს უკრაინამ?

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ასეთ მიდგომას. ჩვენ საკმარისი დავკარგეთ, ჩვენ საკმარისი ვიბრძოლეთ და ვიმსახურებთ მეტ პატივისცემას, ვიდრე საუბრებია იმაზე, რა უნდა გავიღოთ კიდევ მსხვერპლად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ იმან, რაც 2014-2022 წლებში გაკეთდა, როგორც კონსტრუქციული დათმობები, არ აღკვეთა ფართომასშტაბური ინტერვენცია.