დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, როდის გაიმართება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი.
„მოლაპარაკების პირველი რაუნდი შედგა. შედეგი არ ყოფილა. რუსების მოთხოვნა, პრინციპში, უცვლელია. ეს ის მოთხოვნებია, რაც პუტინმა გაახმოვანა ომის დაწყებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ახლა ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მზად ვართ დიპლომატიისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვართ მზად რუსეთის მხრიდან წამოყენებული ნებისმიერი ულტიმატუმის მისაღებად“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება დღეს კრემლშიც გაკეთდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა.