დმიტრო კულება აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ არიან საფრანგეთსა და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში პუტინის ნებაყოფლობითი დამცველები
კრემლის ულტიმატუმები, არ შეიყვანონ არც ერთი ქვეყანა ნატო-ში და გაიყვანონ ჯარები ალიანსის ტერიტორიიდან, არის არა წინადადება განხილვისთვის, არამედ მაგიდაზე დადებული დატენილი რევოლვერი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ცენტრ „ახალი ევროპის“ და „საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სახელწოდებით, „უკრაინა-საფრანგეთი“ განაცხადა.
კულებას თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ჯარი გამოიყვანა უპრეცედენტო მიზეზით, წამოაყენა მთელი რიგი ულტიმატუმები და ევროპა უსაფრთხოების მძიმე კრიზისში ჩააგდო.
როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, არ ესმის, რატომ არიან საფრანგეთში და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში პუტინის ნებაყოფლობითი დამცველები, ანალიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის უარის თქმამ ნატო-ში გაწევრიანებაზე, შეიძლება დაამშვიდოს პუტინი. უკრაინელმა მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ 2010 წელს უკრაინამ ოფიციალურად უარი თქვა ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, თუმცა, ამის მიუხედავად, 2014 წელს რუსულმა ტანკებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს ყირიმსა და ქვეყნის აღმოსავლეთში.