დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს
უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებს ალიანსი და ჩემ მიერ ნახსენები დედაქალაქები, აღიქმება, როგორც კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება“, – განაცხადა პეკსოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის, ასევე ტანკების გაგზავნის ნებართვას მისცემს მესამე ქვეყნებსაც. ამგვარად, უკრაინა, ჯამში, „ლეოპარდი 2“-ის ტიპის დაახლოებით 80 ტანკს მიიღებს. ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.