დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დაინიშნა
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დაინიშნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას, ოთხი წლის ვადით, 15 მარტიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
გიორგი სიხარულიძე 2017 წლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ხოლო მანამდე 2006-2017 წლებში სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მიმდინარე წლის 15 მარტიდან კი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, იგი დმანისის თეატრს უხელმძღვანელებს.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, მოცემულ თეატრში 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში კულტურის სამინისტროში ერთი განაცხადი შემოვიდა და მოცემული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. ამის შემდეგ, კულტურის მინისტრმა, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სიხარულიძის დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ.
„დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევისას სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თეატრს არ გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, არ ჰყავს მუდმივმოქმედი დასი და ტექნიკური პერსონალი.
ბუნებრივია, მოცემული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან თეატრისთვის დამატებითი ინვესტიციის გამოყოფას საჭიროებს, რომლის ოპტიმალური, მიზნობრივი გამოყენება უმნიშვნელოვანესია თეატრის შემდგომი განვითარებისათვის. მსგავსი პრობლემებისა და გამოწვევების პირობებში, სავარაუდო რისკების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, სამინისტრომ მიიჩნია, რომ დმანისის თეატრს ხელმძღვანელობდეს როგორც სახელოვნებო, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვის საქმეში უფრო მეტად გამოცდილი პირი. ასეთ კანდიდატურად კი ჩაითვალა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, რომელსაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ორი, ძალიან მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის, მასშტაბური სახელოვნებო ორგანიზაციის მრავალწლიანი მართვის გამოცდილება აქვს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.