„დმანისის გადარჩენის ფონდი“ აუქციონზე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს
„დმანისის გადარჩენის ფონდი“ აუქციონზე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს წერილობით მიმართავენ და დმანისში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ითხოვენ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე გუშინ გამართული აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ მოიგო, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია ერთიანდება.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინფორმაციის მიღება კომპანია RMG GOLD-ის საქმიანობასა და ტერიტორიის დაბინძურების საკითხზეც სურთ.

წერილი მათ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს გადასცეს. მანამდე კი, უწყებაში წერილს არ იბარებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამინისტროს კანცელარია და მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან იუსტიციის სახლში გადავიდნენ.

„დმანისის გადარჩენის ფონდში” არ გამორიცხავენ, რომ მიწის ნაკვეთის საფასურის შეგროვება დაიწყონ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ თემაზე, მათ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა.

„თქვენს მიერ 6 მარტს გამოცხადებული აუქციონი, სოფელ დიდ დმანისში 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე დასრულდა 20 მარტს, სადაც გამარჯვებულად გამოვცხადდით ჩვენ.

სამწუხაროდ, თქვენი უწყების პოლიტიკური დაინტერესების და RMG GOLD-თან შეთანხმებული მოქმედებების გამო, არ მოგვეცა საშუალება ადგილზე დეტალური მონიტორინგი მოგვეხდინა, ვერ შევისწავლეთ ტერიტორია, რომელიც გამოტანილი იყო აუქციონზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ უმოკლეს ვადებში:

გადმოგვეცეს დეტალური ინფორმაცია აუქციონზე გამოტანილ მიწასთან დაკავშირებით. ინფორმაცია წითელ ხაზებთან დაკავშირებით, დეტალური აზომვითი ნახაზები და მიწასთან დაკავშირებული სხვა, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. მათ შორის, ინფორმაცია ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე;

გთხოვთ, დეტალურად გადმოგვცეთ დოკუმენტაცია ტყის ფონდიდან მიწის ამორიცხვის შესახებ და არასასოფლო-სამეურნეოს სტატუსის მინიჭების თაობაზე. გვაინტერესებს, სრული ინფორმაცია ჩატარებულ პროცედურებთან დაკავშირებით, რათა აღნიშნული მიწა იყოს უფლებრივად უნაკლო;

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მიწის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან და შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით. მათ შორის, ამ მიწის ნაკვეთების იჯარით თუ საკუთრებაში ფლობასთან დაკავშირებით, საიჯარო მოსაკრებლებით და შესყიდვის შემთხვევაში, მათში გადახდილ თანხებზე;

ცნობილია, რომ RMG GOLD ფლობს გარკვეულ ლიცენზიებსა და ტერიტორიებს ამ მიწის მომიჯნავედ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კომპანიის სალიცენზიო არეალზე, სალიცენზიო ვალდებულებებზე, მათ საკუთრებაში ან იჯარით გადაცემულ არსებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დეტალური ნახაზით, სარგებლობის უფლების შინაარსით, ვადებით და საიჯარო მოსაკრებლებით, სალიცენზიო მოსაკრებლით და შესყიდვის შემთხვევაში, მათში გადახდილ თანხებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილობით მიმართვაში.

ფონდის წარმომადგენლები წერილში მიუთითებენ, რომ მათი გეგმა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობაა, შესაბამისად, მოითხოვენ დეტალურ ინფორმაციას გარემოს დაბინძურების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ნიადაგში, წყალსა და ჰაერში ტყვიის, კადმიუმის და სხვა მავნე ნივთიერებების შემადგენლობის შესახებ.

აუქციონზე გატანილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა „დმანისის გადარჩენის ფონდს“ იჯარით 5 056 320 ლარად გადაეცა. საწყისი ფასი კი,15 000 ლარი იყო. აუქციონში კომპანია „RMG Gold“-იც  მონაწილეობდა. კომპანიამ ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლი უწოდა.