ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა
ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა

თბილისში ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა. განახლებული მოედანი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„ჟვანიას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. იდენტიფიცირებული გვაქვს 12 კვანძი, რომელიც გადაადგილებისა და გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. დავიწყეთ არსებული კვანძების მოწესრიგება. ჟვანიას მოედანზე გაჩნდა საავტობუსო ზოლი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ავტობუსების ჩათვლით, საათში დაახლოებით 1 400 ავტომობილი გადაადგილდებოდა. ეს რაოდენობა შენარჩუნებულია, უბრალოდ, დამატებულია საავტობუსო ზოლი. დღეს გამტარუნარიანობა მეტია იმის გათვალისწინებით, რომ საავტობუსო ზოლი ცალკეა გამოყოფილი. გარდა ამისა, მოედანზე გამწვანდა თარგები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და საკმაოდ სასიამოვნო სივრცე გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.

პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო მიწის ქვეშ ჩავიდა მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე 30 ჭა; დაიგო 4700 კვ.მ ასფალტის საფარი; მოეწყო განცალკევებული საავტობუსო ზოლები; გაფართოვდა და კეთილმოეწყო გაჩერებები; დამონტაჟდა მოსაცდელები და საინფორმაციო ტაბლოები; განახლდა ტროტუარები; შეიცვალა შუქნიშნების სისტემა; დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც დაკავშირებულია 112-ის მართვის ცენტრთან; გაცალმხრივდა ისაკაძისა და ონიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა; მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი შარტავასა და კანდელაკის ქუჩების კვეთაზე; მოწესრიგდა საპარკინგე სივრცე; არსებულს დაემატა დისტრიბუციისა და ტაქსის საპარკინგე ადგილები; განახლდა გარე განათების ქსელი. კერძოდ, დამონტაჟდა 15 LED განათების ბოძი, აქედან ორი ერთეული 12-მეტრიანი თანამედროვე სტილის, მრავალსანათიანი ბოძი; მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები სარწყავი სისტემით და შესაბამისი გამწვანებით. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 100-მდე ძირი ნერგი დაირგო და ბალახი დაითესა.

მოედანზე ამჟამად გამავალი 11 სამარშრუტო ხაზი დღიურად 55 ათასზე მეტ მგზავრობას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.