„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ - ევროპელ ჟურნალისტებს უჭირთ ევროკავშირის ინსტიტუტებიდან ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება, პასუხები გაჭიანურებულია, ხშირად უარს ეუბნებიან
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა ევროპაში ჟურნალისტების დაცვა უზრუნველყონ. გამოცემა „პოლიტიკოს“ მიხედვით, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში ევროკავშირში შეიქმნა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რათა ჟურნალისტების უსაფრთხოება ევროპაში უფრო დაცული იყოს.
„რეფორმები პოზიტიურია ქაღალდზე, მაგრამ კითხვები არსებობს მათ ამოქმედებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ საუბარში ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ტომ გიბსონი.
მისივე თქმით, ევროკომისიის ზოგიერთ ინიციატივასთან დაკავშირებით ასევე არსებობს შეშფოთება, რომ, შესაძლოა, ახალი წესები ევროპაში ონლაინპლატფორმებზე ცენზურისთვის ან რეპორტიორებისთვის ხელის შეშლის მიზნით იყოს გამოყენებული.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელ ჟურნალისტებს უჭირთ ევროკავშირის ინსტიტუტებიდან ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება, რეპორტიორების ოფიციალურ მოთხოვნებზე პასუხები გაჭიანურებულია, ხშირად კი ჟურნალისტებს უარს ეუბნებიან.
ამასთან დაკავშირებით „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ გამოცემას უკვე 547 დღეა, უარს ეუბნებიან ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუს ჩაწერაზე.