ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სლოვაკეთის შს მინისტრი გადადგა
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინაკი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი პოლიტიკური სკანდალია, რომელიც სლოვაკეთში ცნობილი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის გამო აგორდა.
რობერტ კალინაკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა. მის გადაყენებას მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის წევრები ითხოვდნენ.
კალინაკი მესამე პოლიტიკოსია, რომელმაც სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
რეპორტიორი იან კუჩიაკი სლოვაკეთის მთავრობის წევრების კორუფციულ გარიგებებს იკვლევდა. ჟურნალისტი ბოლო გამოძიებაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების იტალური მაფიის წევრებთან კავშირებზე წერდა. მის მკვლელობას ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.
მომხდარის გამო, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ მთავრობაში „რადიკალური ცვლილებების განხორციელება“ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.