ჟურნალისტი ივან გოლუნოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს
ჟურნალისტი ივან გოლუნოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს. ვებგვერდ „მედუზას“ ჟურნალისტი, რომელსაც ნარკოტიკების რეალიზაციაში ადანაშაულებდნენ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ვლადიმირ კოლოკოლცევის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

11 ივნისს გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც შეწყდა.

პოლიციელებს, რომლებმაც ჟურნალისტი დააკავეს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ. საგამოძიებო კომისია მათი ქმედებების კანონიერებას შეისწავლის.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს შუამდგომლობით, რათა თანამდებობიდან გათავისუფლდნენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვოს მთავარი სამმართველოს უფროსი ანდრეი პუჩკოვი და ნარკოტიკების კონტროლის მოსკოვის სამმართველოს უფროსი იური დევიატკინი.

ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს და ორი თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტს ოთხი გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ექსპერტიზამ გოლუნოვის ხელებზე ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა.

თავად გოლუნოვი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები ერთ-ერთი გამოძიების გამო ჩაუდეს. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტმა თქვა, რომ საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებას გააგრძელებს.