ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლები გამოიკითხნენ
ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა დასრულდა.
გამოიკითხნენ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებმაც უწყებას მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ჯერჯერობით არ გამოკითხულა საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელიც კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით რვა პირია დაკავებული.
მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.