5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღომ.
შეგახსენებთ, ბრალდებულ სამ პირს შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, აღნიშნული სამი პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. 6 ივლისს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.