პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესების შემოღების საკითხზე შალვა პაპუაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესების შემოღების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
დისკუსია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის“ ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ის ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული ჟურნალისტების ქცევის წესებს ეხება და პირველი მარტიდან ამოქმედდება.
როგორც საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, წესები, რომლებიც გამოიცა პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობისთვის, პრობლემურია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის წესები, რომელიც გამოიცა, პრობლემურია ჟურნალისტებისთვის, რადგან იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. ამან შეიძლება, ჟურნალისტებს შეუქმნას გარკვეული პრობლემა, უხერხულობა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აკრედიტაციის დაკარგვაც კი. ამდენად, ვფიქრობ, ამ დოკუმენტში გარკვეული პუნქტები უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
როგორც „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ განვითარების დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი წინადადება ჟურნალისტებთან ერთად უნდა იყოს განხილული.
„წინადადება არის, რომ ჟურნალისტებთან ერთად, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ დაწესებულებაში, გადაიხედოს წესები და ისე იქნას მიღებული, რომ გამჭვირვალე იყოს თითოეული პუნქტი, არ ქმნიდეს რისკს ჟურნალისტების მუშაობისთვის. ეს არის ჩვენი წინადადება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.