„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” დმანისში საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” (CPJ) 17 მაისს დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად და საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები და უზრუნველყოს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი გულნოზა საიდი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს საქართველოს პირველი არხის ახალი ამბების ჯგუფებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს პოლიტიკური მოვლენების, ძალადობრივი შეტაკებებისა და პროტესტის გაშუქება თავისუფლად და შიშის გარეშე შეეძლოთ. სამართალდამცველთა საქმეა, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება“, – განაცხადა გულნოზა საიდმა.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ დაუკავშირდა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ 17 მაისს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს დმანისში, სადაც ჟურნალისტები ადგილობრივებს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ.
ბერძენიშვილმა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს“ განუცხადა, რომ მაუწყებელმა სამართალდამცვავ ორგანოებს მიმართა, გამოიძიონ თანამშრომლებზე თავდასხმების ფაქტები.
„შემაშფოთებელია, რომ ეს არ არის პირველი აგრესიული ინციდენტი ჩვენი კორესპონდენტების წინააღმდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი საკითხები დროულად იქნება გამოძიებული. როდესაც ჟურნალისტები თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს უსაფრთხო გარემოში განახორციელონ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ სტატიაში საუბრობს 2020 წლის სექტემბერში მომხდარი ფაქტის შესახებ, როდესაც მარნეულში დაუდგენელმა პირებმა სულ მცირე ხუთი ჟურნალისტი სცემეს, მათ შორის იყო საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფიც. ბერძენიშვილის თქმით, ამ ინციდენტის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ასევე ესაუბრა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტ გიორგი კობერიძეს, რომელიც დაპირისპირების დროს დმანისში მუშაობდა. იგი არ დაშავებულა, თუმცა დაპირისპირების თვითმხილველია და ამბობს, რომ გადამღებ ჯგუფს – რეზი ხუციშვილს, მირიან მელაძეს და შოთა ჩოხელს მიზანმიმართულად დაესხნენ თავს.
ორგანიზაციის სტატიაში საუბარია მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებზე.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ არაკომერციული, დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იცავს ჟურნალისტების უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.