ჟურნალისტების ცნობით, ირანელმა მაღალჩინოსანმა „ჰეზბოლას“ პეიჯერებსა და ირანის ყოფილი პრეზიდენტის ავიაკატასტროფას შორის შესაძლო კავშირზე მიანიშნა
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ჩართული იყო იმ პეიჯერების შეძენაში, რომლებიც „ჰეზბოლას“ წევრებს ჰქონდათ და გასულ კვირას ლიბანის მასშტაბით აფეთქდა. მან ასევე მიანიშნა, რომ მსგავსი მოწყობილობა შესაძლოა, ყოფილიყო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც, რასაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ემსხვერპლა.
როგორც სოციალურ ქსელ იქსში გავრცელებულ ჩანაწერში ევროპაში მოღვაწე ირანელი ჟურნალისტი მოჰამად აჰვაზე წერს, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი აჰმად ბახშაიეშ არდესტანი აცხადებს, რომ ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დაშავდა.