ჟოზეფ ბორელი - უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება
ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განხილვა უნდა მოხდეს ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ლუგანსკის რეგიონში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს იყო შესაძლებლობა, ჩემი თვალით მენახა ამ დრამატული კონფლიქტის შედეგები, რომელიც თითქმის რვა წელია, გრძელდება და საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ბევრი ადამიანის ცხოვრება და მიზნები შეცვალა, რა თქმა უნდა, ჯარისკაცების და მშვიდობიანი მცხოვრებლების სიცოცხლე შეიწირა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა არასამთავრობო, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე როგორც უკრაინის მთავრობის მუშაობამ ხალხის გადაადგილების და სხვადასხვა სახის მომსახურების მიღების საკითხში. როგორც იცით, ევროკავშირი უკრაინის ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ უკრაინას უზრუნველვყოფთ პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერით. ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროკავშირსა და უკრაინას შორის არის გაფორმებული, ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმებაა, რომელიც ევროკავშირს მესამე ქვეყანასთან აქვს დადებული.
როგორც დავინახეთ, კონფლიქტი უფრო მეტად გაღვივების ზღვარზეა და დაძაბულობა იზრდება, მთლიანობაში ევროპის უსაფრთხოების გადმოსახედიდან. რუსეთს დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალები და იარაღი აქვს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, ეს პროცესი ძალიან სწრაფად მოხდა. როდესაც გასულ ზაფხულს პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა, ისინი საკომუნიკაციო ხაზის შესახებ შეთანხმდნენ და ევროპელები მხოლოდ მსმენელის როლში ვიყავით. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. რუსეთს არა მხოლოდ დიდი რაოდენობის ჯარები ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, არამედ გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი ევროპაში უსაფრთხოების შექმნასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ აღარ ვართ იალტის კონფერენციის დროში. ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის გავლენის სფეროების გაყოფა 2022 წელს არ შეეფერება. ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება, რომელიც ევროპის ნაწილია, პირველ რიგში გავლენას ახდენს უკრაინელებზე და ევროპელებზე. ამიტომ ვართ აქ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ვიმუშაოთ ერთად კონფლიქტის დეესკალაციისთვის“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ბორელის განმარტებით, ევროკავშირის მთავარი ამოცანა დაძაბულობის დეესკალაციაა მოლაპარაკებებით და გამოსავლის ძიებით, მაგრამ მტკიცე პოზიციით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ექნება უმძიმესი შედეგები და გამოიწვევს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.
„ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აშშ-თან და ნატო-სთან ერთად ამ კონფლიქტის დეესკალაციისთვის. ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე. ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განხილვა უნდა მოხდეს ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად, უკრაინის შესახებ განხილვები არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.