ჟოზეფ ბორელი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას თუ განახორციელებს, ევროკავშირი გადამწყვეტად იმოქმედებს
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას თუ განახორციელებს, ევროკავშირი გადამწყვეტად იმოქმედებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში გამგზავრებამდე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და ამ თემის განხილვა შეუძლებელია ყველა შესაბამისი მონაწილის გარეშე.
„ევროკავშირი ვერ იქნება ნეიტრალური მაყურებელი ამ მოლაპარაკებებში, თუ რუსეთს ნამდვილად სურს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა. ჩვენ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას სწორედ ამ მიზნით ვაშენებთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ჟოზეფ ბორელი უკრაინაში დღეს ჩავიდა. ბორელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად ჯერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს ეწვევა, შემდეგ კი კიევში დაბრუნდება, სადაც უკრაინის მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას.