ჟოზეფ ბორელი - მივესალმებით საქართველოს ხელშეწყობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ხელშეწყობით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რამაც გამოიწვია აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლება და სომხეთის მიერ დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს არის ბაქოს და ერევნის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის ჟესტები, რომელიც გზას გაუხსნის მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას, ყველა დაკავებული სომეხის გათავისუფლებას, ისევე როგორც დანაღმულ ტერიტორიებზე ყველა რუკის გადაცემას სამოქალაქო მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
„ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო მოთამაშეებმა აქტიურად წაახალისეს ნაბიჯები ამ მიმართულებით და ჩვენ მოვუწოდებთ შემდგომი თანამშრომლობისკენ მონაწილე ქვეყნებს. ჩვენ გავაგრძელებთ კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია, სტაბილიზაციის, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.