ჟოზეფ ბორელი - იმედი გვაქვს, მედიაციის მცდელობით, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობით დაიწყო, მეტი მზადყოფნა გვექნება პოლიტიკური შეთანხმების გზების ძიებაში
ჩვენი გადაწყვეტილება ცნობილია, იქნება მედიაციის მცდელობა და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება სასარგებლო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.
„ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მინდა, ვუპასუხო ჩემი ერთ-ერთი კოლეგის რეპლიკას, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სიჩუმე იყი ევროკავშირის მხრიდან. არ იყო სიჩუმე. 18 თებერვალს ჩემმა სპიკერმა გააკეთა განცხადება, რომელიც გამოხმაურება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე – ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ამ განცხადებით, ჩვენ ვურჩიეთ ორივე მხარეს – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ემოქმედათ პასუხისმგებლობით, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი ესკალაცია. იმ გზის გათვალისწინებით, სადაც ისინი იყვნენ, მოწოდება იყო სასარგებლო და საინტერესო“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიციაა მედიაციის მცდელობა პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.
„აქ მთელი დებატები იყო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა არის ჩვენი პოზიცია და რას ველით ამ რთული მდგომარეობის მოსაგვარებლად. ჩვენ საქართველოს დიდი დოზით ვეხმარებით, საქართველოში ყველაზე დიდი დონორი ვართ, საქართველოს სერიოზულ მხარდაჭერას ვუწევთ კორონავირუსთან ბრძოლაში და იმედი გვაქვს, მედიაციის მცდელობით, რომელიც პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობით დაიწყო, ჩვენ უფრო მეტი მზადყოფნა გვექნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გზების ძიებაში. მთავარი საკითხია პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, პოლიტიზებული სამართლის თავიდან არიდება, პარლამენტში ძალთა გადანაწილება და რაც ყველაზე რთული თემაა – ახალი ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის საკითხი. ჩვენი გადაწყვეტილება ცნობილია, იქნება მედიაციის მცდელობა და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება სასარგებლო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.