ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა „თალიბანთან“ დიალოგისთვის კრიტერიუმები გამოყო, დიალოგის სიღრმე რეჟიმის ქცევაზე იქნება დამოკიდებული
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროპულმა გაერთიანებამ გამოყო ის ხუთი კრიტერიუმი, რომლებიც ორგანიზაცია „თალიბანთან“ დიალოგის შემუშავებისთვის არის საჭირო.
„ჩვენ განვიხილეთ ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგის განსაზღვრის კრიტერიუმები, ადგილობრივ მთავრობაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ. ამ დიალოგის სიღრმე არსებული რეჟიმის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ბორელმა.
ამ კრიტერიუმებს შორისაა: ახალი ხელისუფლების ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დაცვა (განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში), აგრეთვე გარანტიები ქვეყნის დატოვების ყველა მსურველისთვის.
ბორელმა აქვე განმარტა, რომ „თალიბანთან“ კავშირის მიუხედავად, ევროკავშირი მას პოლიტიკურად არ აღიარებს და აღნიშნული საჭიროა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად.