ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკეთ შეძლებს, გაუმკლავდეს გამოწვევებს ევროპის სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკეთ შეძლებს, გაუმკლავდეს გამოწვევებს ევროპის სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ

სტრატეგიულად უფრო ავტონომიური და სამხედრო შესაძლებლობების მქონე ევროკავშირი უკეთ შეძლებს, გაუმკლავდეს გამოწვევებს ევროპის სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბორელის თქმით, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას თან ახლავს განახლებული ტერორისტული თავდასხმების რისკი, ნარკოტიკებით ვაჭრობის ზრდა და დიდი რაოდენობით არარეგულარული მიგრაცია.

„ჩვენ მტკიცე უნდა ვიყოთ ამ საფრთხეებთან ბრძოლაში, ასევე რეაგირებაში შეცვლილ რეგიონულ ლანდშაფტზე. ჩინეთი, რუსეთი და ირანი უფრო დიდ გავლენას მოახდენენ რეგიონში, ხოლო პაკისტანი, ინდოეთი, თურქეთი და ყურის მონარქიები ყველანი შეცვლიან ქმედებებს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ისინი იყვნენ ერთადერთი თანამოსაუბრე ავღანეთთან დასავლეთის გაყვანის შემდეგ. ევროპამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, უნდა შეცვალოს თავისი ჩართულობა“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ჟოზეფ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად „ევროპულ სტრატეგიულ კომპასზე“ მუშაობს და დოკუმენტი ზუსტად განსაზღვრავს მომდევნო 5-დან 10 წლამდე გაერთიანების ამბიციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.