ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დახმარებას ამ რთულ დროსაც გააგრძელებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში კორონავირუსის პანდემიის ფონზე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების დახმარებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების დახმარებას ამ რთულ დროსაც გააგრძელებს.
„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ დავუჭიროთ უკეთ მხარი უკრაინას და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. ჩვენი გზავნილი მათ მიმართ მკაფიოა – ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას ამ რთულ პერიოდში”, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრები შექმნილ კრიზისს განიხილავენ როგორც შესაძლებლობას, აჩვენონ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორია. დიპლომატებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს ამ ქვეყნებს, რომ მათი ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ინსტიტუტები არ დაზარალდეს და რეფორმებისკენ სწრაფვა კვლავ დღის წესრიგის ცენტრში დარჩეს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ლიბიის, ავღანეთისა და თურქეთის საკითხი.