ჟოზეფ ბორელი - დიპლომატიური ძალისხმევით ევროკავშირმა შეძლო ბელარუსის გავლით გაერთიანების საზღვრებში მიგრანტთა შესვლის შეჩერება
ერთიანი დიპლომატიური ძალისხმევით ევროკავშირმა შეძლო ბელარუსის გავლით გაერთიანების საზღვრებში მიგრანტთა შესვლის შეჩერება. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„დიპლომატიური ძალისხმევით შევძელით ბელარუსის გავლით ევროკავშირის საზღვრებში მიგრანტების შესვლის შეჩერება. ლუკაშენკომ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა მას პრობლემები აქვს. ამ სიტუაციამ აჩვენა, რომ ჩვენ ერთიანები ვართ და შედეგის მიღწევა შეგვიძლია. მე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსი ხალხისა და დემოკრატიული ბელარუსის მხარდაჭერას.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები 16 დეკემბრის სამიტზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემთხვევაში საზოგადოების შესაძლო ქმედებებს შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.
„ყველა მინისტრისთვის ცხადია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება პოლიტიკური და დიდი ეკონომიკური ფასის გადახდა რუსეთისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან. ეს თემა რჩება ჩვენს დღის წესრიგში და განიხილება ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტზე“, – განაცხადა ბორელმა.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი ემზადება „ყველაზე უარესისთვის, მაგრამ იმედოვნებს საუკეთესოს“, უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიზნად ისახავს ამ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შეკავებას და არა მასთან დაპირისპირებას.
„მე მესმის უკრაინელების მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში უარესისთვის უნდა ემზადო, მაგრამ უკეთესის იმედი გქონდეს. ამიტომ, ახლა ევროკავშირის შეკავების რეჟიმშია და ცდილობს, თავიდან აირიდოს კრიზისი, ნებისმიერი სამხედრო მოქმედების დაწყება“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელმა დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გამოყოფს, კერძოდ კი გამოიყოფა 35 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გასავითარებლად.